კვების თერაპია
კვება მეტად მნიშვნელოვანი, სასარგებლო, სასურველი და სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა კვების პროცესი ბავშვისთვის გამაღიზიანებელი და უსიამოვნო ხდება: ზედმეტად არჩევს საკვებს, აღიზიანებს ერთი კონკრეტული ან მრავალი საკვების დანახვა, მოსწონს, ან პირიქით არ სიამოვნებს კონკრეტული სუნი, არ ჭამს და ჭირვეულობს სუფრასთან. ბევრი მშობელი ბავშვის ამ საქციელს “მორიგ ახირებას არქმევს” რაც არასწორია, ბავშვის ასეთი ქცევა გამოწვეულია კვებითი დარღვევებით. კვების დარღვევების გამომწვევი მიზეზებია: სამედიცინო ფაქტორები, ნევროლოგიური, ნეირობიოლოგიური და ორო-მოტორული დარღვევები, ქცევითი პრობლემები, დამოუკიდებელი კვების სირთულეები, მსხვილი და ნატიფი მოტორიკის დარღვევები და ფსიქიკური დარღვევები- როგორიც არის შფოთვა, დეპრესია, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობის სინდრომი, სენსორული პრობლემები, გემოების აღქმის შეუძლებლობა, ბიპოლარული აშლილობა და აუტიზმი. ამრიგად, დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანამდე, აუცილებელია სპეციალისტის მიერ დარღვევების დროული იდენტიფიცირება და სწორი ინტერვენცია.
კვების თერაპია მიზნად ისახავს კვებითი დარღვევების მიზეზების დადგენას, სწორ და დროულ ინტერვენციას. კვების თერაპიის მთავარი მიზანია კვება იყოს ბავშვისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და სასიამოვნო, მიიღოს ისეთი საკვები, რომელიც სრულფასოვნად უზრუნველყობს მის ორო-მოტორულ განვითარებასა და ორგანიზმის სიჯანსაღეს.