თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
2 April 2024

თამაში ბავშვის განვითარების აუცილებელი და ბუნებრივი ნაწილია. თამაში იწყება ჯერ კიდევ ჩვილობიდან და გრძელდება ადამიანის სოცოცხლის ბოლომდე. ასაკის მიხედვით, გამოიყოფა თამაშის სხვადასხვა ტიპი. პირველ ეტაპზე, დაახლოებით 2 წლამდე ასაკში, ბავშვები ძირითადად მარტო თამაშს ამჯობინებენ. თამაშობენ საკუთარი სხეულით და ირგვლივ არსებული საგნებით და ასევე, ხშირად მშობელთან, აღმზრდელთან ერთად ახერხებენ თამაშს. ცოტა მოგვიანებით, 2-დან 3 წლის ასაკამდე, ბავშვები იწყებენ თანატოლების გარემოცვაში თამაშს, თუმცა კვლავ უპირატესობას ანიჭებენ დამოუკიდებლად თამაშს. შესაძლოა მიბაძონ თანატოლს. შემდგომ ეტაპზე, დაახლოებოთ 3 წლის ასაკიდან, ახერხებენ სხვა ბავშვებთან ერთად ორმხრივი თამაშის წარმოებას, რასაც კოგნიტური და სამეტყველო უნარების განვითარებასთან ერთად ამრავალფეროვნებენ წარმოსახვითი და როლური თამაშებით როგორც მარტო, ისე სხვა ბავშვებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ თამაშს არამარტო გართობის ფუნქცია აქვს, არამედ ისეთი მნიშნელოვანი სფეროების განვითარებაზეა პასუხისმგებელი, რომლებიც შემდგომ მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება ადამიანს ჰარმონიული ფუნქციონირებისთვის. მათ შორის გამოვყოფთ შემდეგ სფეროებს:
შეგრძნების სხვადასხვა მოდალობა – ბავშვი ეხება ნივთებსა თუ სათამაშოს სხეულის სხვადასხვა ნაწილით. სინჯავს საგნების და სათამაშოების ტექსტურას. ამოძრავებს მათ ან მსუბუქად არტყამს მყარ საგანზე და ამგვარად ცდილობს გაიგოს საგნის ხმა. შესაბამისად, ვითარდება სმენის, მხედველობითი, ტაქტილური და სხვა შეგრძნების მოდალობები.
მოტორიკა – ბავშვები იღებენ ხელში სხვადასხვა ზომის საგნებს, ფეხს არტყამენ ბურთს, თამაშობენ დაჭერობანას, ატარებენ ველოსიპედს, კუბიკებს აწყობენ ერთმანეთზე, ცდილობენ ქაღალდზე ფანქრით მონასმების გაკეთებას და სხვ. ყოველი ამგვარი აქტივობა ხელს უწყობს ბავშვის მსხვილი და წვრილი მოტორული უნარების განვითარებას.
კოგნიტური სფერო – თამაშის პროცესში ბავშვები აწყდებიან სხვადასხვა დილემას, რომელთა გადაჭრაც საჭიროებს ახალი სააზროვნო უნარების გამოყენებას. ბავშვები ცდის და შეცდომის მეთოდით თუ სხვაზე დაკვირვების ან დახმარების მიღების შედეგად ახერხებენ დაძლიონ წარმოქმნილი სირთულეები და გაუმკლავდნენ აქამდე უცნობ დილემას. ასევე, სხვადასხვა თამაშში ჩართვის საფუძველზე მათი ყურადღების მოცულობა იზრდება, ქაოტური მოქმედებების ნაცვლად იწყებენ დაგეგმვას და მეტად ორგანიზებული ხდება მათი მოქმედებები.
ემოციური სფერო – თამაშის პროცესში ბავშვებს უხდებათ საკუთარ ემოციებთან გამკლავების სწავლა. მაგ. მარცხის შედეგად გამოწვეული იმედგაცრუების, ბრაზის ემოციის მართა და დამშვიდება.
სოციალური სფერო – სხვა ბავშვებთან თამაშისას ბავშვი ეცნობა ადამიანებთან ურთიერთობის კანონზომიერებს. აცნობიერებს, რომ იმისათვის, რათა კონფლიქტის გარეშე მოახერხოს თამაში, მნიშვნელოვანია შეთანხმებების დაცვა. ახერხებს დათმობას, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სოციალურად მისაღები ფორმით. სწავლობს კონფლიქტების მართვას.
მორალური სფერო – სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში, წარმოიშვება გარკვეული მორალური დილემები, რომელთა გაცნობიერების და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შედეგად ბავშვი სწავლობს ღირებულებების გათვალისწინებას სხვებთან ურთიერთობის პროცესში. ასევე, მოვლენების დანახვას სხვა ადამიანის პერსპექტივიდან, რაც მის ქცევას უფრო დახვეწილს ხდის.
ბავშვის თამაშის პროცესზე დაკვირვების შედეგად რა მიგვანიშნებს შესაძლო სირთულის არსებობაზე:
არ თამაშობს;
თავს არიდებს სხვა ბავშვებთან თამაშს;
სხვა ბავშვთან მისი თამაში ხშირად გადაიზრდება კონფლიქტში ან გამოერიდება თამაშის პროცესს;
ადვილად ბრაზდება ელემენტარული წარუმატებლობის შემთხვევაში და გამოხატავს აგრესიას – ყვირის, ისვრის ნივთებს ან წყვეტს თამაშს;
დიდი ხნის მანძილზე თამაშის პროცესში ავითარებს ერთსა და იმავე შინაარსს;
თამაშის დროს ბავშვი მიმართავს ასაკისთვის შეუფერებელ ქცევებს და ამგვარი თამაში გრძელდება დიდი ხნის მანძილძე.
მნიშვნელოვანია, მშობელი დააკვირდეს ბავშვის თამაშის ფორმას, შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, მიაწოდოს მას შესაბამისი დახმარება.