ყველაფერი ზოოთერაპიის შესახებ
3 April 2024

ზოოთერაპია არის ინდივიდუალური ან ჯგუფური თერაპია, რომელშიც მონაწილეობას იღებს ცხოველი, კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით და თერაპევტი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომლის მიერაც არის დაგეგმილი თერაპიული პროცესი და ინდივიდუალურად მორგებული თითოეულ ბენეფიციარზე.
ზოოთერაპიისთვის, ჩვეულებრივ, იყენებენ ცხენებს, ძაღლებს, დელფინებს, კატებს და სხვა შინაურ და არაშინაურ ცხოველებს.
ვისთან შეიძლება გამოვიყენოთ ზოოთერაპია?
ცხოველებით თერაპიას ხშირად იყენებენ პაციენტებთან რომელთაც აქვთ ნევროლოგიური ან სხვა ტიპის დაავადება ან მდგომარეობა, მაგ: აუტიზმი, ცერებრული დამბლა, სქოლიოზი, ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის აშლილობა (ADHD), მრავლობითი სკლეროზი, ქცევითი და ფსიქოლოგიური აშლილობები და სხვ.
ზოოთერაპიის სახეებია:
რაიდთერაპია (ცხენით დამხმარე თერაპია)
კანინთერაპია (ძაღლით დამხმარე თერაპია)
დელფინოთერაპია (დელფინით დამხმარე თერაპია)
რაიდთერაპია
ფიზიკური, ოკუპაციური და ფსიქოლოგიური თერაპიის ფორმა, რომელშიც თერაპევტი იყენებს ცხენისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს, რათა მოახდინოს პაციენტის სპეციფიკური მოტორული და სენსორული შეგრძნებების პროვოცირება.
თერაპიის მიზანია გააუმჯობესოს ნევროლოგიური ფუნქციები და სენსორული პროცესები, რომლებიც შეიძლება განზოგადდეს ყოველდღიურ აქტივობათა ფართო სპექტრზე. რაიდთერაპია (იგივე იპოთერაპია) სრულდება ცხენის ნაბიჯზე სვლისას, რადგან ეს უკანასკნელი ადამიანის ნაბიჯის მსგავსია.
ცხენის ზურგიდან წარმოქმნილი სინქრონული რხევები ბიომექანიკით ადამიანის სიარულის მსგავსია და იმ მოძრაობებს შეესაბამება, რომლებსაც ადამიანი სიარულის დროს ასრულებს.
ვისთვის არის კარგი რაიდთერაპია?
ცხენის დახმარებით თერაპია შეიძლება გამოყენებული იქნას მრავალფეროვან პოპულაციაში, ყველა ასაკის პაციენტთან, ოჯახური და ჯგუფური თერაპიისთვისაც.
ცხენით დამხმარე თერაპია ხშირად გამოიყენება თერაპიის დამხმარე სერვისის სახით, სხვა ტრადიციულ მეთოდებთან ერთად.
რაიდთერაპიის დადებითი მხარეები:
• ზრდის კუნთების კონტროლს;
• აუმჯობესებს რეფლექსებს და ზრდის კოორდინაციის უნარს;
• ეხმარება რთული მოძრაობების ათვისებაში;
• აუმჯობესებს წონასწორობას და ავარჯიშებს ვესტიბულურ აპარატს;
• ეხმარება წვრილი და მსხვილი მოტორიკის გაუმჯობესებაში;
• ჯირითი აუმჯობესებს კომუნიკაციის და სოციალური ინტერაქციის უნარს;
• ეხმარება ვიზუალური და სმენითი ყურადღების კონცენტრირებაში;
• აუტიზმმის დროს ამცირებს უცხო გარემოში დისკომფორტისგან გამოწვეულ სიბრაზის შეტევებს;
• ასტიმულირებს სენსორულ ინტეგრაციას და კონცენტრაციას;
• აუმჯობესებს სივრცით აღქმას;
• ზრდის თვითშეფასებას;
• ავითარებს მოთმინების უნარს;
• ამცირებს სტრესს და შფოთვას.
კანინთერაპია (იგივე კანისთერაპია) არის თერაპიული პროცესი, რომელშიც მონაწილეობას იღებს ერთი ან რამდენიმე ძაღლი, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი მომზადება.
ძაღლები ცვლიან თერაპიულ ატმოსფეროს, ისინი კლიენტებს ეხმარებიან მოდუნებაში, ხასიათის გაუმჯობესებაში, ასევე ეხმარებიან რომ უფრო მეტად ჩაერთონ პროცესში და იყვნენ მეტად მოტივირებულნი.
ვისთვის არის კარგი კანინთერაპია?
ისევე როგორც რაიდთერაპია, კანინთერაპიაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მრავალ პოპულაციაში.
ძაღლებით დამხმარე თერაპიას ხშირად იყენებენ ფსიქოთერაპიაში, ნევროლოგიური ან/და ფსიქოლოგიური დარღვევების დროს.
კვლევებით დადგენილია, რომ თერაპია ძაღლთან ერთად ბევრად უფრო კომფორტულია კლიენტისთვის, ეხმარება ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
კანინთერაპიის ძირითადი უპირატესობებია:
• სტრესის და შფოთვის შემცირება;
• სოციალური უნარების გაუმჯობესება;
• მიმართული მეტყველების გაუმჯობესება;
• ემოციების კონტროლის დასწავლა;
• რუტინული ჩვევების ჩამოყალიბება;
• შინაურ ცხოველთან ხშირი ურთიერთობისას ადამიანებს უყალიბდებათ სწორი კომუნიკაციის და თამაშის უნარი;
• ბავშვს ეხმარება დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაში, ის თავს უფრო კომფორტულად და ლაღად გრძნობს ახალ გარემოში ცხოველთან ერთად.
რეკომენდებულია, როდესაც ოჯახი იცვლის საცხოვრებელს და ბავშვი ვერ ეგუება მისთვის ახალ გარემოს, სტრესის თავიდან ასარიდებლად ოჯახმა აიყვანოს შინაური ცხოველი, რათა ბავშვს ავარიდოთ გარემოსგან გამოწვეული სტრესი და შფოთვა.
დელფინოთერაპია
დელფინოთერაპია თანამედროვე მედიცინის დარგია, რომელიც ცხოველებით თერაპიის ნაწილია.
ამ თერაპიაში სრულად არის ჩართული დელფინი, რომლის განსაკუთრებული მახასიათებლები, ესთეტიკა და ქცევა, სხვადასხვა დაავადებების მქონე პირების მკურნალობის ფუნდამენტური ნაწილი გახდა.
დელფინოთერაპია ძირითადად გულისხმობს სხვადასხვა ფიზიკური თუ ფსიქიკური პრობლემების მქონე, როგორც ბავშვების ისე ზრდასრულების ურთიერთობას დელფინებთან.
ვისთვის არის კარგი დელფინოთერაპია?
დელფინოთერაპია გამოიყენება დაუნის სინდრომის, აუტიზმის, ასპერგერის სინდრომის, ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის აშლილობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების მკურნალობაში; სიმსივნური დაავადებების, დეპრესიისა და ემოციური დარღევების მქონე პირებში; ცერებრული დამბლის და სხვა ნევროლოგიური დარღვევების დროს.
მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში ვისაუბრეთ ზოოთერაპიის მნიშვნელობაზე სხვადასხვა დაავადებებისა თუ აშლილობების მკურნალობაში, ასევე აღსანიშნავია შინაური ცხოველის როლი ადამიანის ცხოვრებაში ზოგადად.
შინაური ცხოველის ყოლა მოიცავს რიგ პასუხისმგებლობებს, როგორც უფროსის ისე ბავშვის ცხოვრებაში.
ცხოველებთან ყოველდღიური ურთიერთობა ბავშვებს ეხმარება გარკვეული რუტინის ჩამოყალიბებაში, რთული ქცევის მართვაში.
ბავშვები სწავლობენ ცხოველებზე ზრუნვას, თამაშს, კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებს.
შინაური ცხოველი გვეხმარება ემპათიის უნარის უკეთ განვითარებაში.
ცხოველები დამამშვიდებელ გავლენას ახდენენ ჩვენზე, მათი 15 წუთით ჩახუტებაც კი ამცირებს არტერიულ წნევას 15%-მდე და ამ დროს ჭარბად გამოიყოფა ე.წ. ბედნიერების ჰორმონი - ენდორფინი.
-----------
სტატიის ავტორია ნეიროგანვითარების ცენტრის ქცევითი თერაპევტი
ლიკა სალუქვაძე