ყველაფერი ოკუპაციური თერაპიის შესახებ
27 October 2023

ოკუპაციური თერაპევტები არიან ყველგან სადაც ადამიანები ჯანმრთელობის პრობლემების თუ განვითარების დარღვევების გამო სხვადასხვა ფიზიკურ თუ მენტალურ ბარიერებს აწყდებიან და ეხმარებიან მათ ამ ბარიერების დაძლევაში.
ოკუპაციური თერაპია არის:
• საკუთარი თავის მოვლის, შრომა/პროდუქტიული და თამაში/დასვენების აქტივობების თერაპიული გამოყენება დამოუკიდებელი ფუნქციის გაძლიერებისა და განვითარების გაუმჯობესებისთვის.
• ფიზიკური, ფსიქოლოგიური და განვითარების დარღვევების გამომწვევ სხვა მდგომარეობათა შეფასება და მართვა სელექტიური (შერჩევითი) აქტივობების მეშვეობით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
ოკუპაციური თერაპიის მიზანია დაეხმაროს ადამიანს იმ ფიზიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რომლებიც მას ესაჭიროება ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობისთვის.
განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან, ოკუპაციური თერაპია ხშირად ფოკუსირებას ახდენს ხელის ფუნქციაზე და საკუთარი თავის მოვლის უნარ-ჩვევებზე.
კვება და ყლაპვის ფუნქცია ასევე შეიძლება იყოს თერაპიის საგანი.
ოკუპაციურ თერაპევტებს აქვთ ცოდნა და გამოცდილება დამხმარე საშუალებების სფეროში, რომლებიც ბავშვებს შეიძლება გამოადგეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, საბავშვო ბაღში, სკოლაში და ზოგადად მობილურობისთვის.
ოკუპაციური თერაპიის სპეციალიზაციის სფეროებად შეიძლება ჩაითვალოს:
• მოტორული (მოძრაობითი) უნარ-ჩვევები – ფოკუსირებით ნატიფ მოტორულ ფუნქციებზე;
• დამხმარე საშუალებები;
• პოზა და ჯდომა;
• კვება;
• თავის მოვლა და ყოფითუნარიანობა;
• ორთეზები – ძირითადად ზემო კიდურების;
• სენსორული ინტეგრაცია;
• კომუნიკაცია;
• მოძრაობის ამპლიტუდა;
• მხედველობით-მოძრაობითი აღქმა.
P.S. ოკუპაციური თერაპია, პირველად საქართველოში და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში, დაინერგა ნეიროგანვითარების ცენტრში, ”ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპულ ქსელთან” (ENOTHE) თანამშრომლობით.