ყველაფერი კვების შესახებ
8 April 2024

კვება მეტად მნიშვნელოვანი, სასარგებლო, სასურველი და სასიამოვნო პროცესია! სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები,როცა ბავშვებისათვის ეს "სიამოვნება" უსიამოვნო და გამაღიზიანებელი ხდება. ბავშვი არ იბადება ჯანსაღი კვების პრინციპების გაგებით. საკვების შესახებ ყველა ცოდნა ბავშვებს მშობლებისგან საკუთარი გამოცდილებით ხვდება. წინაპირობებიდან - ბავშვს უნდა ჰქონდეს კვების სწორი ყოველდღიური რუტინა. მკაფიო უნდა იყოს კვების წესები. ასე არ ხდება, რომ "დღეს შეგიძლია ღამით ჭამა", ხვალ კი "არ შეგიძლია". ან "დღეს ჩიფსები დაშვებულია", ყველა სხვა დროს "აკრძალულია"...
განვიხილოთ კვების მნიშვნელობა,მოდელი, რაციონი და კვების დარღვევის გამომწვევი მიზეზები.
სამშობიაროდან გაწერის დღიდან ყველა მშობელი გრძნობს, რომ მისი მთავარი ამოცანაა ბავშვზე ზრუნვა. ბავშვის ზრდა განვითარებისთვის კი მთავარ საზრუნავს კვება წარმოადგენს. რომელიც მეტად მნიშვნელოვანია სასიცოცხლო ფუნქციების ფუნქციონირებისა და შენარჩუნებისათვის. კარგი კვება ხელს უშლის ბევრ ქრონიკულ დაავადებას და შესაძლებელს ხდის თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა.
ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია 6 სახის საკვები ნივთიერების მიღება:
ცილები- პროტეინები სიცოცხლისათვის აუცილებელი სტრუქტურული ელემენტი, რომელიც შეადგენს კუნთოვანი ქსოვილის საფუძველს.
ცხიმები- ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით ( მასში არის ხსნადი ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები ) სხეულს ცხიმი სჭირდება ზრდისთვის, ენერგიისთვის.
ნახშირწყლები- სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგიის წყარო, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ძირითად საწვავს წარმოადგენს, ნახშირწყლების ორი ძირითადი ტიპი: რთული- ათვისების მხრივ ნაკლები სისწრაფით გამოირჩევა, რომელიც გვხვდება მარცვლეულში-ბოსტნეულში
მარტივი- სწრაფად ათვისებადია - ხილი, რძის პროდუქტები, შეიცავს დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს.
წყალი- ჩვენი სხეულის დაახლოებით 50-75% წყალია, ორგანიზმი წყალს ყველა უჯრედში ორგანოსა და ქსოვილში იყენებს, წყლის საშუალებით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, ხდება საკვების მონელება და რეგულირდება ყველა სასიცოცხლო პროცესი, ამიტომ მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში მივიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი და მივირთვათ ისეთი საკვები, რომელიც წყალს შეიცავს.
მინერალები- ადამიანის სხეული შედგება ორგანული და არაორგანული ნივთიერებებისაგან, რომელიც უჯრედსშიდა და უჯრედსშორის სითხეშია გახსნილი. არაორგანული ნივთიერებებია - მინერალები, რომელიც სხეულის დაახლოებით 4%შეადგენს. ნორმალური არსებობისთვის ადამიანს ყოველდღიურად 100მგ ძირითადი მინერალი და 100მგ-მდე მიკროელემენტი სჭირდება.
მინერალები ორგანიზმს საკვების გადამუშავებაში ეხმარება, მათი დამსახურებით ვიღებთ ორგანოთა აქტიური ფუნქციონირებისთვის საჭირო ძალასა და ენერგიას, აღდგება და რეგენერირდება ქსოვილები. პრაქტიკულად ყველა მინერალი სხეულში საკვებისა და წყლის მეშვეობით ხვდება. ორგანიზმს თავისთავად არცერთი მათგანის გამომუშავების უნარი არ შესწევს. (ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, მარცვლეულისა და რძის ნაწარმის საშუალებით შეიძლება ყოველდღიურად მივიღოთ მინერალებისა და მიკროელემენტების საჭირო რაოდენობა, ამას სრულფასოვანი კვება ეწოდება). არსებობს მინერალების 2 ტიპი: მაკრო და მიკრო ელემენტები. ადამიანს მაკროელემენტები, (კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, გოგირდი) დიდი რაოდენობით სჭირდება, შედარებით მცირე რაოდენობით მიკროელემენტები (რკინა, მანგანუმი, სპილენძი, იოდი, თუთია, კობალტი, ფტორი და სელენი)
მინერალები უზრუნველყოფს ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ფორმირებას, კუნთოვანი შეკუმშვების რეგულაციას, ნერვიული იმპულსის გატარებას, უჯრედის სუნთქვას.
ვიტამინები- ვიტამინები ისეთი ნივთიერებებია, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სიცოცხლის შენარჩუნება. აუცილებელია მივიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი გაჯერებული ვიტამინებით.
კვება ითვალისწინებს არა მხოლოდ საკვების მიღების პროცესს, არამედ სხვადასხვა უნარების ჩართულობას ამ პროცესში. მაგალითად: ორალ-მოტორული უნარები (კბეჩა, ღეჭვა, ყლაპვა) ადაპტური უნარები (ჩანგლის, კოვზის და ა.შ დამოუკიდებლად გამოყენება) სოციალური უნარები (კვებასთან დაკავშირებული მანერები-წესები, სასურველის მოთხოვნა და ა.შ)
ჩვილ ბავშვთა კვება
ეს ეტაპი დაახლოებით 4თვემდე გრძელდება ლაქტაციით ან ხელოვნური საკვების საშუალებით. კვების აქტის გახორციელებისათვის საჭიროა არსებობდეს პირის ღრუს დაუზიანებელი ანატომიური სტრუქტურები და შენახული თავის ტვინის ნერვები.
ბავშვის პირველადი წოვის მოდელი
ენის წინა უკანა მიმართულებით მოძრაობა, რასაც თან ახლავს ყბის გაღება-დახურვა, მაგრამ ენა წინ გამოწევისას ტუჩებს არ სცილდება. ეს მოდელი სჭარბობს 4თვემდე.
4 თვიდან იწყება ენის ზემოთ-ქვემოთ მიმართულებითი მოძრაობის ანუ ნამდვილი წოვის მოდელი.
12თვისთვის ბავში იწყებს სითხის ჭიქიდან დალევას, თუმცა დაფიქსირება უჭირს და სვამს ენის წინა-უკანა მიმართულებით მოძრაობითი წოვის ტიპით, ამიტომაც სითხე ეღვრება.
18 თვისთვის სითხეს სვამს ენის ზედა-ქვედა მიმართულებითი მოძრაობით, ყბით აფიქსირებს ჭიქას და ახერხებს ყბის ფიქსაციას.
24თვიდან უკვე შეუძლია დალევა სითხის დაუღვრელადაც.
სიცოცხლის პირველ დღეებში ხდება ახალშობილის ადაპტაცია გარემოსთან. მიმდინარეობს საკვების (ბუნებრივი - ხელოვნური) შერჩევა. თუ ბავშვი ჭამის შემდეგ არ ჭირვეულობს და მალე იძინებს, ე.ი საკვები ჰყოფნის.
2-4თვემდე დედის რძის ან ხელოვნური საკვების მასა, რომელსაც ის დღე ღამეში იღებს, მისი სხეულის მასის დაახლოებით 1/6 უნდა შეადგენდეს.
5 - 6 თვიდან იწყებს დამატებითი საკვების მიღებას და ბავშვი საშუალოდ ხუთჯერად კვებაზე გადადის.
6 - 8 თვიდან ბავშვმა დღე-ღამეში 1000-1100მლ. საკვები უნდა მიიღოს აქედან მხოლოდ ნახევარი უნდა იყოს დედის რძე ან ხელოვნური საკვები, ნახევარს კი შეადგენს ბოსტნეული, ხორცი, ხილფაფა, ხაჭო, ბურჭულეულის ფაფა, კვერცხის გული და წვენი. 9 თვიდან ბავშვის ყოველდღიური რაციონი ნელ-ნელა ემსგავსება ზრდასრულის მენიუს. 1წლამდე ის საშუალოდ დღე-ღამეში 1200-1300მლ საკვებს იღებს.
რატომ ამბობს ჩვილი ჭამაზე უარს?
მიზეზი ბევრია: დედა შფოთავს, ღელავს, ჩქარობს. რძემ გემო იცვალა, საკვებმა ალერგიული რეაქცია გამოიწვია, ამოჭრა დაიწყო კბილებმა. ბავშვი ძუძუს მოაშორეს და კვებაზე უარიღ გამოხატავს პროტესტს. სცხელა ან სცივა, გაღიზიანებულია ვაქცინაციის გამო და მადა არ აქვს. უკიდურეს შემთხვევაში დარღვეულია ორალ-მოტორიკა, რაც გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით.
2 წლის ბავშვის მენიუ არამარტო მრავალფეროვანი, არამედ სწორად დაბალანსებულიც უნდა იყოს, 2 წლიდან გადავდივართ 3 - 4ჯერად სრულფასოვან კვებაზე, უნდა მოხდეს სხვადასხვა პროდუქტის ერთმანეთთან “შეთავსება” მაგალითად - თევზთან და ხორცთან, არ უნდა მიიღოს ხილი კვების შემდეგ.
2 წლის შემდეგ გადავდივართ სამჯერად სრულფასოვან კვებაზე (კვებებს შორის 2ჯერადი წახემსებით, რაშიც შედის ხილიც)
4-5 წლის ბავშვი დღეში 2000მლ საკვებს უნდა იღებდეს, საკვების კალორიულობა (მოცულობაში) უკეთესია გადავანაწილოთ ასე: 30% საუზმე, 35% სადილი 20%ვახშამი.
ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს 4 ძირითადი ჯგუფის საკვები. ეს ჯგუფებია:
ხილი-ბოსტნეული
პურეული
ბურღულეული (ასაკის მატებასთან ერთად დაუცეხვავ მარცვლეულს ენიჭება უპირატესობა)
რძე და რძის ნაწარმი, სასურველია დაბალი ცხიმიანობა
საქონლის მჭლე ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები. “კვების პირამიდის” მიხედვით საკვები ნაწილდება შემდეგნაირად: 40% ნახშირწყლები, 35% ხილ-ბოსტანი, 20% ცხიმი, 5% შაქარი.
კვების დარღვევების გამომწვევი ფაქტორები:
სამედიცინონ პრობლემები: 1.ალერგიები, 2.ვირუსებით, ბაქტერიებით, სოკოებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები ( ანგინა, აფთოზური სტომატიტი, გასტროენტერიტი) 3.ენტერობიოზი (ნაწლავის ჭია) 4.მაგნიუმის უკმარისობა (ღებინება, დაღლილობა, კუნთების სისუსტე) 5.სისხლში კალციუმის მაღალი შემცველობა. 6.გულის ქრონიკული დაავადებები 7.ფარისებრი კირკვლის დაავადებები. 8.მძიმე რეფლუქსი (საყლაპავის თანდაყოლილი ანომალიები და სხვა) 9.მეტაბოლიზმის დარღვევა. 10.ავთვისებიანი წარმონაქმნი. ყველა ამ ფაქტორს შეუძლია, მალნუტრიციამდე მიყვანა, რაც წონის დეფიციტს ნიშნავს. მალნუტრიცია გამოწვეულია დაუბალანსებელი კვებით, მონელებისა და შეწოვის დარღვევით.
ბავშვებში კვებითი დარღვევა, შეიძლება აგრეთვე განპირობებული იყოს ისეთი ნევროლოგიური, ნეირობიოლოგიური და ფსიქიკური დარღვევებით, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობის სინდრომი, სენსორული პრობლემები, გემოების აღქმის შეუძლებლობა, ბიპოლარული აშლილობა, აუტიზმი.
ორალ-მოტორული განვითარების დარღვევები, როგორიცაა ღეჭვის, კბეჩის, ყლაპვის უნარების განუვითარებლობა.
ქცევითი პრობლემით-შესძლოს სასურველის მოთხოვნა და მისი სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატვა. კვებასთან დაკავშირებული წესების და ნორმების მიმღებლობა, მაგიდასთან ჯდომის წესები, კვების მანერები და ა.შ.
დამოუკიდებლად კვების სირთულეებით-
კოვზის , ჩანგლის დამოუკიდებლად გამოყენება, ნატიფი მოტორული უნარების განვითარება, როგორიცაა ლუკმის პირთან მიტანა, საკვების თეფშიდან აღება და ა.შ. პოზის შენარჩუნება კვების დროს, სხეულის მართვა, გამართული ჯდომა.
სენსორული ინტეგრაციის სირთულეებით-
შეგრძნებების მიღება, გადამუშავება და ადაპტური პასუხის დაბრუნება. ამ დროს შესაძლებელია ბავშვი ადაპტური ტექსტურის საკვებს არ ჰკიდებს ხელს. გარკვეული ტემპერატურის ან სტრუქტურის საკვებს არ იდებს პირში და ა.შ.
ბავშვები, რომლებსაც აქვთ კვებასთან დაკავშირებული სირთულეები:
“პრეტენზიული მჭამელი”- ჭამენ ძალიან ცოტას. ეს ტერმინი ნეოფობიას მოიცავს. (ნეოფობია, მძაფრი რეაქცია ახალ საკვებზე, ბავშის ტიპიური განვითარების ერთ-ერთი სტადიაა, რომელიც 2-3 წლის ასაკში დგება, მაგრამ რეზისტენტულ მჭამელებთან ის უფრო მწვავედ, ტირილით ღებინებით, ტანტრუმით გამოიხატება.) მიუხედავად იმისა, რომ “პრეტენზიული ჭამა” ბავშვის განვითარების ერთ-ერთ ეტაპად მიიჩნევა ის მაინც საყურადღებოა, ვინაიდან შეიცავს წონის კლების რისკს. ეს ბავშვები პრეტენზიული ჭამის გათვალისწინებით მაინც ნორმის შესაბამისად იმატებენ წონას და ჯანმრთელებად მიიჩნევიან. საჭიროა დაკვირვება. მშობლისა და აღმზრდელის მიდგომაზეა დამოკიდებული, ჩამოუყალიბდებათ თუ არა პრეტენიულ მჭამელებს ზრდასრულ ასაკში კვებითი დარღვევები.საყურადღებოა ასევე, რომ “პრეტენზიული მჭამელები” ახალი საკვების დანახვისთანავე თავს ცუდად გრძნობენ. ასეთი შემთხვევები ხშირია. ჩვენ თუ არ გვყავს ოჯახში ასეთი ბავშვი შეიძლება შეგვხვდეს ჩვენი შვილების სამეგობრო წრეში, ან იქნებ ჩვენ თვითონაც ვიყავით ასე ბავშვობაში. დარღვევად ითვლება აგრეთვე მუდმივი ჭამა და შიმშილის არასაკმარისი გრძნობა, რასაც იწვევს არასწორი და არასრულფასოვანი კვების განრიგი. მაგ.: რთულია ასეთი ბავშვისთვის სასადილო მაგიდასთან დაჯდომა, მას ურჩევნია ოთახში პურის ღეჭვა და კომპოტის დალევა. ყოველი 1საათის შემდეგ სვამს იოგურტს, ითხოვს ვაშლის ნაჭერს, რის შედეგადაც მისი კუჭი მუდმივად მუშაობს, არ არის საკმარისად მშიერი. ამიტომ ბავშვი ვერ იკვებება სრულფასოვნად. სელექტიური ანუ შერჩევითი ჭამა მდგომარეობს, როდესაც ადამიანი მხოლოდ ისეთს ჭამს და სვამს, რომელსაც უსაფრთხოდ მიიჩნევს, ის ერიდება განსაზღვრულ გემოს განსხვავებული სტრუქტურის და ფერის საკვებს. ზოგიერთი განსაზღვრული ტიპის საკვების არა თუ ჭამა, დანახვაც კი ზიზღს ჰგვრის. შერჩევითი ჭამა შესაძლოა ზრდასრულ ასაკშიც დარჩეს. ეს არ არის საშიში რადგან ბავშვი მაინც იღებს ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ნუტრიენტებს.
“რეზისტენტული მჭამელი”- ბავშვი იღებს მხოლოდ ერთი სახეობის საკვებს, მაგ.: მხოლოდ წვნიანს ან მხოლოდ მშრალს. ის ანსხვავებს საკვებს - ფაქტურის, ფორმის, ფერის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით. უარს ამბობს უცხო საკვებზე, რადგან უკვე შერჩეული აქვს მისთვის უსაფრთხო კატეგორიის საკვები. მათი რაციონი უმეტესად 10-12 სახის პროდუქტისგან შედგება, შესაბამისად ვერც ზრდა განვითარებისათვის იღებს საკმარისი რაოდენობის ნუტრიენტებს. როცა ახალ საჭმელს სთავაზობენ ასეთი ბავშვი შფოთავს, ეწყება ტანტრუმი, გულს ირევს ან ავად ხდება, ამ მდგომარეობას ორალ-მოტორული ჩამორჩენა ან სენსორული ინტეგრაციის დისფუნქცია უდევს საფუძვლად. ეს პრობლემა არ არის გარდამავალი და ემოციურად ძნელად სამართავია. თუმცა შეფასებისა და სწორი ინტერვენციის შედეგად სტრესული მდგომარეობა იცვლება.
დისკომფორტის შეგრძნება ჭამის დროს- ბევრი ბავშვი მორჩილად ჯდება მაგიდასთან, ემზადება ჭამისთვის, მოიმარჯვებს კოვზს, მაგრამ 15წუთის შემდეგ ულუფა დიდად არ იკლებს, იწყებს წუწუნს, რომ ჭამა არ უნდა და ყველაფერს ცუდი გემო აქვს. თუ ბავშვს დიდი ხნის მანძილზე აძლევდნენ დაბლენდერებულ საკვებს (პიურეს, იოგურტს, სმუზს, ხილფაფას..) მაშინ ის უბრალოდ ვერ ისწავლიდა საკვების ღეჭვას და არ განუვითარდა სწორად საღეჭი კუნთები. ასეთ ბავშვებს ადრეულად უვითარდებათ კარიესი, კბილებზე აქვთ მომატებული მგრძნობელობა სიცივისა და სიცხის მიმართ. დარღვეულია თანკბილვა. ეს ყველაფერი იწვევს დისკომფორტს და ბავშვი გაურბის ამ უსიამოვნო აქტივობას.
მხოლოდ ტკბილეულის ჭამის ჩვევა-ბავშვი მიეჩვია, უპირატესობას ანიჭებს ტკბილ გემოს, რადგან გლუკოზა ნახშირწყლების, ანუ ენერგიის უმარტივესი წყაროა. ბავშვებს ძალიან უყვართ ტკბილეული. ამას განსაკუთრებით ხელს უწყობს ტკბილი საუზმის უზარმაზარი არჩევანი - მარცვლეულის, კაკაოს, ნამცხვრების, წვენის, ხაჭოს, ხილის.. სახით. ბებია-ბაბუა, ან რომელიმე ოჯახის წევრი ხშირად არიან ამ მავნე ჩვევების წამხალისებლები, (სთავაზობენ ტკბილეულს, სასუსნავს) ბავშვებს, რომლებსაც უკვე აქვთ თავიანთი ჯიბის ფული, ძირითადად ამჯობინებენ ტკბილეულსა და სწრაფ კვებაში დახარჯვას. ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას ბევრ ოჯახში.
კვების თერაპიის მიზნები:
კვებითი დარღვევების მიზეზების დადგენა, სწორი და დროული ინტერვენცია.
სტრატეგიების განსაზღვრა:
ა)კვების უნარების განვითარებისათვის ადაპტური და კომფორტული გარემოს შექმნა.
ბ)ორალ-მოტორული უნარების განვითარება და კონტროლი კვების დროს. გ)კვების სწორი მოდელის შემუშავება.
დ)კვების რუტინის შედგენა. ე)შეგრძნებების ადაპტირება სხვადასხვა სტიმულებთან(ახალი საკვების მიმღებლობა) ვ)მაქსიმალურად დამოუკიდებელი ჩართულობა საკვების მომზადებისა და კვების პროცესში. ზ)საკვების ამოცნობა,
შესწავლა,განსხვავება, განსაზღვრა.(სახალისო აქტივობებით,თამაშებით)
მშობელის ჩართულობა ბავშვის ჯანსაღი კვების პრინციპების გათვალისწინებით.(ოჯახში მყარად უნდა იყოს დაცული კვების წესები)
კვების თერაპიის მთავარი მიზანია კვება იყოს ბავშვისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და სასიამოვნო.
მიიღოს ისეთი საკვები, რომელიც სრულფასოვნად უზრუნველყოფს მის ორალ-მოტორულ განვითარებასა და ორგანიზმის სიჯანსაღეს.