ყურადღების დეფიციტის / ჰიპერაქტიურობის სინდრომი ADHD
7 March 2024

ADHD არის ბავშვობის ასაკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნეიროგანვითარებითი დარღვევა.
ჩვეულებრივ, ეს მდგომარეობა დიაგნოსცირდება ბავშვობის ასაკში და ხშირად გადადის ზრდასრულობაშიც.
ADHD-ს მქონე ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ ყურადღების, იმპულსური ქცევის კონტროლის პრობლემა (შეიძლება იმოქმედონ იმაზე ფიქრის გარეშე თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ქმედებას), ან უბრალოდ ზედმეტად აქტიურები იყვნენ.
ნიშნები და სიმპტომები
ზოგადად ბავშვებისთვის ნორმალურია ყურადღების კონცენტრაციისა და ქცევის სიძნელეები დროდადრო, მაგრამ ADHD-ს მქონე ბავშვებმა, ზრდისა და განვითარების მიუხედავად, შეიძლება ვერ დააღწიონ თავი ამ სიძნელეებს.
სიმპტომები შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული და გამოიწვიოს პრობლემები სკოლაში, შინ, მეგობრებთან ურთიერთობებში.
ADHD-ს მქონე ბავშვი:
შეიძლება იყოს ზედმეტად მეოცნებე;
ხშირად კარგავდეს ან ტოვებდეს ნივთებს;
“იგრიხებოდეს” ან ცმუკავდეს;
მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობდეს;
უშვებდეს უყურადღებობით გამოწვეულ შეცდომებს ან სწევდეს გაუმართლებელ/არასაჭირო რისკებს;
უჭირდეს გაუძლოს ცდუნებებს;
ჰქონდეს რიგითობის დაცვის სიძნელეები;
უჭირდეს ურთიერთობები სხვებთან.
ტიპები
აღწერენ ამ მდგომარეობის 3 ძირითად ტიპს, გამომდინარე სიმპტომებიდან, რომლებიც უფრო მკვეთრად არის გამოხატული კონკრეტულ ინდივიდში.
უპირატესად უყურადღებობით გამოვლინება:
ბავშვს უჭირს დავალების შესრულების ორგანიზება ან დასრულება;
ყურადღების გამახვილება დეტალებზე;
თვალყურის მიდევნება საუბარზე ან ინსტრუქციებზე;
ადვილად ეფანტება ყურადღება ან ავიწყდება ყოველდღიური რუტინის დეტალები.
უპირატესად ჰიპერაქტიურ-იმპულსური გამოვლინება:
ბავშვი ცმუკავს და ძალიან ბევრს ლაპარაკობს;
უჭირს დიდხანს მშვიდად ჯდომა (მაგ. ჭამის ან საშინაო დავალების შესრულების დროს);
პატარა ბავშვები შეიძლება მუდმივად დარბოდნენ, ხტოდნენ ან ცოცავდნენ.
ბავშვი განიცდის მოუსვენრობას და იმპულსურობასთან დაკავშირებულ სიძნელეებს -
იმპულსურობის გამო შეიძლება საუბარს აწყვეტინებდეს სხვებს, ართმევდეს ნივთებს ან საუბრობდეს უადგილოდ და შეუსაბამო დროს.
შეიძლება უჭირდეს დაელოდოს თავის რიგს ან მოუსმინოს მითითებებს.
იმპულსურ ადამიანებს შეიძლება ბევრად უფრო ხშირად აღენიშნებოდეთ უბედური შემთხვევები და ტრავმები ვიდრე სხვებს.
კომბინირებული გამოვლნება:
ადამიანში თანაბრად ვლინდება ზემოაღწერილი ორივე ტიპის სიმპტომები.
იმის გამო, რომ დროთა განმავლობაში სიმპტომები შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება ასევე შეიცვალოს გამოვლინების ტიპიც.
გამომწვევი მიზეზები
ADHD-ს გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები უცნობია, მაგრამ ბოლოდროინდელი სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკა.
გენეტიკის გარდა მეცნიერები სწავლობენ სხვა შესაძლო მიზეზებს და რისკ-ფაქტორებსაც. მათ შორისაა:
თავის ტვინის დაზიანება;
გარემო ფაქტორების ზემოქმედება ორსულობის პერიოდში ან ახალგაზრდულ ასაკში;
ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება ორსულობის პერიოდში;
ნაადრევი მშობიარობა;
ახალშობილობის მცირე წონა.
სამეცნიერო კვლევა არ ადასტურებს გავრცელებულ მოსაზრებებს, რომ ADHD შეიძლება გამოწვეული იყოს შაქრის ჭარბი მოხმარებით, ტელევიზორის ზედმეტი ყურებით, აღზრდით, სოციალური და გარემო ფაქტორებით, როგორიცაა სიღარიბე ან ოჯახური ქაოსი.
თუმცა ბევრმა ამ და სხვა ფაქტორებმა შეიძლება გააუარესოს სიმპტომები.
ამავე დროს, სამეცნიერო მტკიცებულებები არ არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ეს ფაქტორები ჩაითვალოს ADHD-ს მთავარ გამომწვევ მიზეზებად.
დიაგნოზი
დადგენა იმისა აქვს თუ არა ბავშვს ყურადღების დეფიციტის / ჰიპერაქტიურობის სინდრომი, მოიცავს რამდენიმე ეტაპს.
ერთი გარკვეული ტესტი ამისათვის არ არსებობს და ბევრი სხვა მდგომარეობა, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, ძილის პრობლემები, გარკვეული სახის სწავლის სიძნელეები, შეიძლება ხასიათდებოდეს მსგავსი სიმპტომებით.
დიაგნოსცირების პირველი ეტაპი, ჩვეულებრივ, არის სამედიცინო გამოკვლევა, სმენის და მხედველობის კვლევის ჩათვლით, სხვა პრობლემების გამორიცხვის მიზნით, რომლებიც შეიძლება ხასიათდებოდნენ ADHD-ს მსგავსი სიმპტომებით.
დიაგნოსტიკა ასევე მოიცავს ADHD-ს სიმპტომთა აღრიცხვას, ისტორიას მშობლებისგან, მასწავლებლებისგან და ზოგჯერ თავად ბავშვისგანაც.
მკურნალობა
შემთხვევათა უმრავლესობაში საუკეთესო მკურნალობაა ქცევითი თერაპიის და მედიკამენტების კომბინაცია.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის (4-5 წლის ასაკში), ქცევითი თერაპია, კერძოდ მშობელთა ტრენინგი, რეკომენდებულია როგორც მკურნალობის პირველი არჩევანი მედიკამენტური თერაპიის დაწყებამდე.
რა მიდგომა იმუშავებს უკეთესად, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბავშვსა და ოჯახზე.
მკურნალობის პროგრამაში მნიშვნელოვანია ინტენსიური მონიტორინგი, შემდგომი დაკვირვება და ამ პროცესში ცვლილებების შეტანა, როცა ამის საჭიროება არსებობს.
სიმპტომთა მართვა: ჯანმრთელობა.
ზოგადი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ყველა ბავშვისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ADHD-ს მქონე ბავშვისთვის.
ქცევით თერაპიასთან და მედიკამენტებთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების სტილმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაუადვილოს ბავშვს სიმპტომებთან გამკლავება.
ასეთი შეიძლება იყოს:
კვება - ხილი და ბოსტნეული, დაუფქვავი მარცვლეული, პროტეინებით მდიდარი უცხიმო (მჭლე) პროდუქტები;
ასაკის შესაბამისი ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა;
ტელევიზორის, კომპიუტერის, ტელეფონის და სხვა ეკრანიზებული ტექნოლოგიების მოხმარების დროის შეზღუდვა;
ღამის ძილის ასაკის შესაბამისად რეკომენდებული ხანგრძლივობა.
ვის უნდა მიმართოთ
თუ თქვენ ან ბავშვის ექიმი ეჭვს მიიტანთ ADHD-ს არსებობაზე, მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს, ფსიქიატრს, ან განვითარების პედიატრს.
ADHD მოზრდილებში
ეს მდგომარეობა ბავშვს შეიძლება გადაჰყვეს ზრდასრულობაშიც.
ზოგიერთ ადამიანს აქვს ADHD, მაგრამ არასოდეს მომხდარა ამის დიაგნოსცირება.
სიმპტომებმა შეიძლება განაპირობოს სიძნელეები სამსახურში, შინ, ან ურთიერთობებში.
შეიძლება განსხვავებულად გამოვლინდეს ასაკის მატებასთან ერთად, მაგალითად, ჰიპერაქტიურობა შეიძლება გამოვლინდეს უკიდურესი მოუსვენრობის სახით.
სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს, როცა ასაკი ადამიანს მეტ მოთხოვნებს უყენებს.
--------------------------------------------
სტატია მოამზადა
ზაზა კაკუშაძემ