Bokeria NDC logo

მოზარდობის ანუ გარდატეხის ასაკი

7 March 2024

teen girl გარდატეხის ასაკი

მოზარდობის, ანუ გარდატეხის ასაკი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხილვად საკითხს ფსიქოლოგიაში. მშობლების უმრავლესობა შიშით ელოდება ამ ასაკის დადგომას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

  • არის თუ არა გარდატეხის ასაკი ასეთი საშინელი?

  • რა ხდება მოზარდის ორგანიზმში და ტვინში?

  • რა პრობლემები ჩნდება მშობლებთან ურთიერთობებში და როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადალახვა?

მოკლედ განვიხილოთ აღნიშნული საკითხები.

უპირველეს ყოვლისა უნდა დავადგინოთ მოზარდობის ასაკის საზღვრები. სხვადასხვა ლიტერატურაში განსხვავებულ მონაცემებს შევხვდებით, საშუალოდ, გარდატეხის ასაკის ადრეულ დასაწყისად შეიძლება 11 წელი ჩაითვალოს.

როგორც წესი, მშობლებისათვის ყველაზე რთულ პერიოდს 12-15 წლის ასაკი წარმოადგენს. დაახლოებით 16-17 წლისთვის მოზარდობის ასაკისათვის დამახასიეთებელი პრობლემები ნიველირდება, ადამიანი ახერხებს საკუთარი თავისა და გარემოს მიღებას, ჩამოყალიბებას, საკუთარი გზის პოვნას და ახდენს ადაპტაციას სოციუმში.

თუმცა შესაძლებელია მოზარდობის ასაკი გახანგრძლივდეს 20 წლამდეც კი, რაც დამოკიდებულია თითოეული ბავშვის ემოციური განვითარების თავისებურებეზე.

ოჯახური კონფლიქტები, დაუჯერებლობა, მშობლების მიმართ უპატივცემულობა, კონტროლის დაკარგვა – ეს არის ძირითადი პრობლემები, რომელიც მოზარდის მშობლებს აწუხებთ. მშობლები უჩივიან, რომ ჯერ კიდევ გუშინ დამჯერე და ბეჯით შვილებს სწავლა აღარ უნდათ, მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებენ, აცვიათ უცნაურად, ყველაფერს თავისებურად აკეთებენ. ნაცნობი სიტუაციაა? მოდით ამ საკითხს სხვა თვალით შევხედოთ და დავფიქრდეთ მექანიზმებზე.

მოზარდობის ხანის პრობლემები დაკავშირებულია სამ ძირითად ასპექტთან – ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ეგზისტენციალურ-ფილოსოფიური. ფიზიოლოგიურ დონეზე ამ პერიოდში მომდინარეობს ინტენსიური ჰორმონალური პროცესები, იცვლება სხეული, ხმა, ხდება სქესობრივი მომწიფება. მოზარდი იყურება სარკეში და ხედავს შეცვლილ სხეულს, რომელსაც თავიდან ვერ ეგუება, არ მოსწონს, ეშინია. იგი ხვდება, რომ ბავში აღარ არის, თუმცა გარშემომყოფები მას ჯერ უფროსადაც არ აღიქვამენ.

ეგზისტენციალური გაგებით მოზარდობის ასაკის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ბავშვების მშობლებისაგან დისტანცირება, პიროვნული ზრდა, ჩამოყალიბება და საკუთარი გზის ძიება. ამ პერიოდში გარდაუვალია მშობლების ავტორიტეტის შესუსტება. მოზარდის ცხოვრებაში ჩნდებიან სხვა უფროსი ავტორიტეტები, რომელთაც ისინი მიბაძავენ. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება თანატოლების აზრი. გამოხატულია ეგრეთწოდებული „დაჯგუფების რეაქცია“ – ანუ მოზარდის სურვილი იტრიალოს თანატოლთა წრეში, სადაც მოქმედებს თავისებური მორალი, დაუწერელი კანონები და ქცევის კოდექსი.

შესაბამისად, ხდება ცვლილებები მშობლებთან ურთიერთობაში – მშობლები მოზარდს აღარ აღიქვამენ ბავშვად, მიაჩნიათ, რომ იგი უკვე დიდია და საკუთარ თავზე უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა, თუმცა აქვე მშობლები საპირისპირო მესიჯს უგზავნიან მოზარდს და აგრძნობინებენ მას, რომ ის ჯერ კიდევ „პატარაა“ და არ გააჩნია უფროსებთან გათანაბრებული უფლებები. ეს ორგვაროვანი მიდგობა აბნევს მოზარდს და იწვევს მასში პროტესტის გრძნობას, რომელიც გამოიხატება ოპოზიციური ქცევით, სიჯიუტით, კონფლიქტურობით, ზოგჯერ კი აპათიით.

მოზარდთა აგრესიული ქცევა ხშირად წარმოადგენს ემანსიპაციის ბუნებრივ რეაქციას. აგრესია შეიძლება გამოვლინდეს როგორც აქტიური, ასევე პასიური ფორმით. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ მშობლების მხრიდან ნებისმიერი აგრესიული ტიპის ქმედება და ზეწოლა გამოიწვევს მოზარდის აგრესიულობის მომატებას. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა ავუსრულოთ მოზარდებს და მათ ჭკუაზე ვიაროთ. აუცილებელია მკაცრი და თანმიმდევრული „ჩარჩოების“ განსაზღვრა. მოზარდმა უნდა გაიგოს, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაკავშირებულია პასუხისმგებლობასთან.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოზარდობის ასაკი ასევე ძალიან პრობლემურია მათი მშობლებისთვის: ისინი გრძნობენ, რომ მათი ავტორიტეტი და მნიშვნელობა შვილების ცხოვრებაში მცირდება. ამ პერიოდში მშობლების ცხოვრებისეულ ციკლში მიიღწევა ფუნქციონირების უმაღლესი წერტილი, რომელსაც მოყვება უკუსვლა. მშობლები განიცდიან შვილების დისტანცირებას, ეს პერიოდი მათთვისაც კრიზისულია. მათ არ იციან როგორ განაგრძონ ცხოვრება გაზრდილ შვილებთან და გრძნობენ, რომ უკვე ახლოვდება დრო, როდესაც შვილები ოჯახურ ბუდეს დატოვებენ. ამ გრძნობების ფონზე მშობლები ხშირად იწყებენ ბრძოლას საკუთარ შვილებთან, ერევიან მათ საქმეებში შეუფერებელ დროს, აწუხებენ ზედმეტი ზრუნვითა და ყურადღებით, შფოთვენ ან პირიქით, თავად დისტანცირდებიან შვილებისაგან და არ აწვდიან მათ ემოციურ მხარდაჭერას.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე რჩევა მოზარდის მშობლისათვის, რომელიც მათ დაეხმარებათ შეამცირონ დაძაბულობა ურთიერთბებში:

  • მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ქცევას – არ განასხვაოთ შვილები და არასოდეს არ აპატიოთ ერთს ის, რასაც მეორეს არ აპატიებდით.

  • განიხილეთ მოზარდთან ერთად მნიშვნელოვანი ოჯახური საკითხები, არგძნობინეთ მას, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებლია.

  • ნუ ელით მოზარდისაგან, რომ იგი ყველა თქვენს რჩევას დაეთანხმება და გაითვალისწინებს. იყავით მზად კამათისათვის და საკუთარი პოზოციის არგუმენტირებისათვის.

  • კამათის დროს მოზარდმა შეიძლება დაუფიქრებლად თქვას ისეთ რამ, რასაც რეალურად არ ფიქრობს და არ გრძნობს, მაგალითად, რომ მას არ უყვარხართ, ეზიზღებით და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ ყველფერს ამას იგი აფექტის ზეგავლენით ამბობს და ნუ ჩავარდებით პანიკაში.

  • აგრესია და უხეში ზეწოლა არანაირ შედეგს არ გამოიღებს, ეცადეთ განიხილოთ სიტუაცია და გამონახოთ კომპრომისი.

  • გახსოვდეთ, რომ იდეალური მშობლები არ არსებობენ, ყველა უშვებს შეცდომებს, ეს ბუნებრივია. ნუ მიეცემით თვითგვემას, რომ თქვენ უვარგისი დედა ან მამა ხართ, ეს კიდევ უფრო გაზრდის თქვენს დაურწმუნებლობას საკუთარ თავში და ხელს შეგიშლით საჭირო დროს ზუსტი გადაწყვეტილების მიღებაში.

  • გახსოვდეთ, რომ მოზარდი თავად არის დაბნეული, ძიების პროცესშია და მას მხარდაჭერა და წახალისება სჭირდება. ეცადეთ გაიზიაროთ მისი ინტერესები და შეუქმნათ მოტივაცია.

თუკი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც გიჭირთ მოზარდთან ურთიერთბის მოგვარება, მიმართეთ ფსიქოლოგს, ამაში არაფერია სამარცხვინო.

პროფესიონალი პრობლემას სხვა კუთხით დაგანახებთ და დაგეხმარებათ მის გააზრებაში. როგორც წესი, პირველ კონსულტაციაზე მშობლები მოზარდთან ერთად მოდიან, ფსიქოლოგი ესაუბრება მშობლებსაც და მოზარდსაც და აფასებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს, რომლებიც ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, მშობლები აღნიშნავენ ცუდ ყოფაქცევას, სასკოლო მოსწრების გაუარესებას, მოზარდზე კონტროლის დაკარგვას. მოზარდები კი აღნიშნავენ პრობლემებს თანატოლებთან ურთიერთობაში, მარტოობის და თვითგამორკვევის პრობლემებს.

მნიშვნელოვანია ორივე მხარის საჭიროებების გათვალისწინება თერაპიის მიზნების და ამოცანების განსაზღვრისას. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში მოზარდის ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციისას ხშირად უმჯობესდება მისი ქცევა და აკადემიური მოსწრება. როგორც წესი, თერაპია მოიცავს 10-12 სეანსს კვირაში ერთხელ, თუმცა ხანგრძლივობა დამოკიდებულია პრობლემების სიღრმეზე, ოჯახურ სიტუაციაზე, მათ მზაობაზე და სხვა მრავალ ფაქტორზე.

©2024 ყველა უფლება დაცულია