Bokeria NDC logo

კითხვის უნარის განვითარება

9 April 2024

school-kid-reading-a-book-young-boy-sitting-

კითხვა რთული ლინგვისტური პროცესია. კითხვის უნარი მოიცავს მრავალ კომპონენტს. იმისათვის, რომ ბავშვს კითხვა პატარობიდანვე შევაყვაროთ, თავი უნდა ავარიდოთ რთულ და დიდი მოცულობის ტექსტებს. ასევე, სწორად უნდა იქნას შერჩეული თვალსაჩინოება. კითხვისას უნდა ვცვალოთ ხმის ტემბრი (დაბოხება, დაწვრილება, წამღერება), დავხატოთ/დავახატინოთ ზღაპრის სიუჟეტი და ა.შ.

კითხვა გულისხმობს ასოების ამოცნობას, ფონემებთან დაკავშირებას და მათ სიტყვებად გამთლიანებას. იმისათვის რომ ეს პროცესი დასრულებულად ჩაითვალოს, ბავშვს უნდა შეეძლოს სიტყვის ცნობა და მისი მნიშვნელობის გაგება. შემდეგი ეტაპია წინადადების წაკითხვა. ამისათვის ბავშვმა უნდა შეძლოს ამოკითხული სიტყვების მეხსიერებაში შენახვა, დანარჩენ ამოკითხულ სიტყვებთან დაკავშირება და მთელი წინადადების შინაარსის გაგება.

კითხვის უნარის დასწავლისას ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ მახასიათებლებს, შეუძლია თუ არა ბავშვს:

• ასოებისგან შეადგინოს მარცვალი;
• აღიქვას წაკითხული სიტყვის შინაარსი და სიტყვა დააკავშიროს შესაბამის ნახატთან;
• სიტყვაში განსაზღვროს პირველი/ბოლო ბგერა ან მარცვალი;
• მარცვლებისგან შეადგინოს სიტყვა;
• წაიკითხოს სიტყვა მთლიანობაში;
• წაიკითხოს მიხვედრით;
• იკითხოს ნორმალური ტემპით;
• იკითხოს სწორი ინტონაციით, გააკეთოს საჭირო პაუზები;
• გაიგოს წინადადების შინაარსი;
• უპასუხოს კითხვებს წაკითხული ტექსტიდან.

ყველაზე ხშირად ბავშვებში კითხვის უნარის დასწავლისას გვხვდება შემდეგი სირთულეები:

• ასოების ამოცნობის პროცესის გახანგრძლივება;
• ბგერების გადანაცვლება;
• ასოების ერთმანეთში არევა;
• ასოების სიტყვად გამთლიანების სირთულე;
• მიხვედრით კითხვა (როდესაც ბავშვი კითხულობს სიტყვის საწყის ბგერას ხოლო დანარჩენს მიხვედრით აბოლოებს, ან ტოვებს სიტყვის დაბოლოებებს);
• წინადადების, ტექსტის გაგების სირთულე;
• სიტყვის შინაარსის გაგების სირთულე;
• კითხვის პროსოდიკის (ინტონაციის) დარღვევა;

კითხვის უნარის განსავითარებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია მულტისენსორული მეთოდი, რომელიც გულისხმობს კითხვის დასასწავლად ბავშვის სხვადასხვა სენსორული არხების გამოყენებას: შეხებითს, სმენითს და მხედველობითს. ასოების დასწავლისას კონტრასტულ ზედაპირზე ვყრით მანის/ფქვილს და თითით შემოვახაზინებთ ასოებს. თავდაპირველად მიბაძვით, შემდეგ კი კარნახით, ვაძერწინებთ ასოებს. ასევე შეგვიძლია დავამზადოთ ასოების ტრაფარეტები და ჯერ თითით, შემდეგ უკვე პასტით შემოვახაზინოთ ასოები.

მთლიანობითი მეთოდი კი გულისხმობს ბავშვისთვის დაწერილი სიტყვის მთლიანი ხატის დამახსოვრების დასწავლას. საგნებს და ნახატებს ვუკეთებთ მკაფიო წარწერებს, მათი დამახსოვრების შემდეგ კი ბავშვს ვთხოვთ დააკავშიროს სიტყვა შესაბამის საგანთან/ნახატთან. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი მიხვედრით კითხულობს, მიეცით მას შეცდომით დაწერილი სიტყვები გასასწორებლად , მაგ. წიგნი-ჭიგნი; ჭიამაია-ჭიამაიე, მამალი-ამალი და სხვ.

წინადადების ან ტექსტის შინაარსის გაგების სირთულის შემთხვევაში კარგი იქნება შემდეგი ტიპის სავარჯიშოები:

წინადადების დაბოლოება ან წინადადებაში გამოტოვებული სიტყვის ჩასმა, მაგ. მამამ მანქანა დაქოქა და _______;
ცაზე __________ ანათებს, და ა.შ.

პროსოდიკის (ინტონაციის) დარღვევის შემთხვევაში კარგი იქნება შემდეგი ტიპის სავარჯიშოები: სხვადასხვა ტიპის წინადადებებს (თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი) სწორად დაუსვან სასვენი ნიშნები; გადააკეთონ თხრობითი წინადადება კითხვითად, ბრძანებითად და შესაბამისად ცვალონ ინტონაცია.
კითხვის უნარი ერთ-ერთი საბაზისო უნარია და ის უშუალო კავშირშია ბავშვის აზროვნების განვითარებასთან, რადგან წარმოადგენს ინფორმაციის მიღებისა და გამოყენების ეფექტურ საშუალებას.

©2024 ყველა უფლება დაცულია