დამხმარე საშუალებები და აღჭურვილობა ცერებრული დამბლის მენეჯმენტში
3 April 2024

დამხმარე აღჭურვილობა საშუალებას აძლევს ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს, იცხოვრონ სრულფასოვანი, ჯანსაღი ცხოვრებით და დამოუკიდებლობის მაღალი დონით.
დამხმარე აღჭურვილობის მაგალითებია: ყავარჯნები, სასიარულო ჩარჩოები, ეტლები, სამაგრები (ე.წ. ბრეკეტები), ყრდნობისა და სწორი პოზის უზრუნველყოფისთვის და სხვ.
დამხმარე საშუალებები ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს აძლევს მეტ დამოუკიდებლობასა და თავდაჯერებულობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დამოუკიდებლობის გაუმჯობესება დამხმარე საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელშეწყობით:
ცერებრულმა დამბლამ შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობასთან, მეტყველებასთან, კვებასთან დაკავშირებული მრავლობითი სიძნელეები.
შეზღუდული შესაძლებლობის სიმძიმე ამ დროს განსხვავებულია და ზოგ შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მობილურობა და ცხოვრების ხარისხი, სერიოზული გავლენა იქონიოს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
დამხმარე საშუალებებს და აღჭურვილობას შეუძლია დაეხმაროს ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს დამოუკიდებლობისა და ავტონომიის უფრო მაღალი დონის მიღწევაში.
ისეთ აღჭურვილობას, როგორიცაა მაგ. ორთეზები, ეტლები და სასიარულო ჩარჩოები, შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მობილურობა და გაზარდოს თავდაჯერებულობა.
ხშირად ეს საშუალებები გამოიყენება ფიზიკურ თერაპიასთან ერთად. ფიზიკური თერაპევტი ასწავლის ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს, როგორ გამოიყენონ დამხმარე აღჭურვილობა. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სოციალიზაციის ხარისხი (საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა), რეკრეაციულ და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა.
დამხმარე აღჭურვილობის ტიპები:
არსებობს მრავალი სხვადასხვა აღჭურვილობა, ხელსაწყო და მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს, იცხოვრონ უფრო დამოუკიდებელი ცხოვრებით.
დამხმარე აღჭურვილობა შეიძლება დაგეხმაროთ ყველაფერში, ტანსაცმლის გამოცვლიდან ავტომობილის მართვამდე.
ქვემოთ მოცემულია იმ დამხმარე აღჭურვილობის მაგალითები, რომლებიც შეიძლება გამოადგეთ ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს:
ეტლები
ეტლი ცერებრული დამბლის მქონე ბევრი ადამიანისათვის აუცილებელი დამხმარე საშუალებაა.
ეტლი შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა მართვის რეჟიმით.
მაგალითად, ზოგიერთ ეტლს შეიძლება ჰქონდეს “ჯოისტიკის“ კონტროლი, ზოგი კი იყოს მართვის მექანიზმით, რომელიც მოთავსებულია ოპერატორის თავს უკან. ეს საშუალებას აძლევს კოორდინაციის მნიშვნელოვანი დარღვევის მქონე ბავშვებს, გადაადგილდნენ თავისუფლად.
ცერებრული დამბლის მენეჯმენტისთვის განკუთვნილ დამხმარე საშუალებათა გაუმჯობესებასა და განვითარებაში ახალი მიღწევები ყოველდღიურად ხდება. მაგალითად, ცერებრული დამბლის მძიმე ფორმის მქონე ბავშვებისთვის არსებობს ისეთი ეტლიც კი, რომლის მართვა ხმის ამოცნობით ან კონტროლის სხვა ალტერნატიული მეთოდებით არის შესაძლებელი.
თუ თქვენი შვილი სარგებლობს ეტლით, ხშირად შეამოწმეთ კანი, ე.წ. ნაწოლებისა და კანის სხვა დაზიანების დროული აღმოჩენის მიზნით!
ეტლით სარგებლობისას მნიშვნელოვანია პოზიციების როტაცია (ცვლა) დღის განმავლობაში, რათა არ მოხდეს ძლიერი ზეწოლა გარკვეულ უბნებზე, განსაკუთრებით ძვლოვან ადგილებზე, სადაც უფრო ხშირად ჩნდება ნაწოლები.
ამ დროს შეიძლება დაგეხმაროთ ოკუპაციური თერაპევტი, გასწავლოთ როგორ აიცილოთ თავიდან ნაწოლების გაჩენა.
ეტლის შეძენისას მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მორგება, რომელსაც ახორციელებს ეტლის ინდივიდუალური მორგების სერტიფიცირებული სპეციალისტი.
სასიარულო ჩარჩო
სასიარულო ჩარჩო (“ უოლკერი”) ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებაა. ის სასარგებლოა იმ შემთხვევაში თუ ბავშვს შეუძლია სიარული, მაგრამ საჭიროებს დახმარებას წონასწორობის შესანარჩუნებლად.
სასიარულო ჩარჩო მზადდება მსუბუქი ლითონისგან. მას ჩვეულებრივ აქვს ოთხი ფეხი და რეგულირებადი სიმაღლე. ზოგჯერ სასიარულო ჩარჩოს აქვს ბორბლები და კალათა ან ჩანთა ბავშვის ნივთების შესანახად.
ორთეზები
ორთეზი არის გარეგანი მოხმარების დამხმარე საშუალება, რომელიც გამოიყენება ნერვ-კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემების სტრუქტურული და ფუნქციონალური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად.
ორთეზი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნებით:
კიდურის, სახსრის ან სხეულის რომელიმე სეგმენტის კონტროლი, შეზღუდვა/იმობილიზაცია გარკვეული მიზნით;
მოძრაობის შეზღუდვა განსაზღვრული მიმართულებით;
მოძრაობის ხელშეწყობა ზოგადად;
მოტეხილობების შემდგომი რეაბილიტაცია;
მოძრაობის გაადვილება, ტკივილის შემცირება და სხვ.
ორთეზებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცერებრული დამბლის მენეჯმენტში.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებში, არაიშვიათად, კუნთები არ იზრდება ძვლების ზრდის შესაბამისად. კონტრაქტურები, რომლებიც ამ დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს, არღვევს ბალანსს და მოძრაობის მექანიზმს.
ორთეზი, ფიზიკურ თერაპიასა და სხვა თერაპიულ ჩარევებთან კომბინაციაში, ხელს უწყობს ამ გართულებათა თავიდან აცილებას სპასტიური კუნთების გაჭიმვის (დაგრძელების) მეშვეობით.
სტაბილურობა, კონტრაქტურების პრევენცია და მოძრაობის სიფართის შენარჩუნება, რომელიც მიიღწევა ამ გზით, ხელს უწყობს ფუნქციის ნორმალიზაციას.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებში ყველაზე ხშირი გამოყენება აქვს ტერფ-წვივის ორთეზებს (AFO). ფიქსირებული კონტრაქტურების არარსებობის შემთხვევაში ორთეზი აუმჯობესებს კინეტიკას და კინემატიკას, ნაბიჯის სიგრძეს, კოორდინაციას და ფუნქციას.
ორთეზები და სხვადასხვა სახის სამაგრები, ფიქსატორები (ე.წ. ბრეკეტები) არსებობს მკლავებისთვის, მაჯებისთვის, ხელებისთვის, თეძოებისთვის, ფეხებისთვის, ტერფებისთვის, მუხლებისთვის...
ბრეკეტები შეიძლება დამზადდეს ტყავისგან, ლითონისგან, პლასტიკატისგან ან კომბინირებულად.
ექიმი და ორთოპედიული ტექნიკოსი დაგეხმარებათ ამ აღჭურვილობათა მორგებაში. ცუდად მორგებამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, სიწითლე, ბუშტუკების გაჩენა, მოძრაობის გაძნელება, ზოგადი დისკომფორტი...
ორთოპედიული ფეხსაცმელი
იმის გამო, რომ ცერებრული დამბლა გავლენას ახდენს მოძრაობასა და კუნთების კონტროლზე, ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს, ხშირად, უჭირთ სიარული. ორთოპედიული ფეხსაცმელი ხელს უწყობს ფეხების და ტერფების სტაბილიზაციას გაუმჯობესებული მობილურობისთვის.
ვინაიდან ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს არ შეუძლიათ გარკვეული კუნთების გამოყენება იმ ნევროლოგიური დაზიანების გამო რომელიც მათ აქვთ, ეს კუნთები შეიძლება დროთა განმავლობაში დასუსტდეს. ორთოპედიული ფეხსაცმელი დაგეხმარებათ დასუსტებული კუნთების გაძლიერებაში. სწორედ ეს გარემოება ხდის ორთოპედიულ ფეხსაცმელს განსაკუთრებით ეფექტურს ცერებრული დამბლის მძიმე ფორმების შემთხვევაში.
ორთოპედიული ფეხსაცმლის დამატებითი სარგებელი მოიცავს:
ფეხებისა და ტერფების დაცვას სპასტიური კიდურების, მოძრაობის შეზღუდვის და მასთან დაკავშირებული შემთხვევებით გამოწვეული დაზიანებებისგან;
სახსრების, მენჯის და ხერხემლის ფუნქციის გაძლიერებას;
ტკივილის შემსუბუქებას;
ფეხის არასწორი პოზიციისა და სტრუქტურის კორექტირებას.
გარდა ამისა, ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს შეიძლება გამოადგეთ ისეთი დამხმარე აღჭურვილობა, როგორიცაა:
ტუალეტის სკამი;
აბაზანის სკამი;
რეგულირებადი სიმაღლის აბაზანა;
აბაზანის ლიფტი;
მოდიფიცირებული და სათანადოდ აღჭურვილი ავტომობილი კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობისთვის;
...და სხვ.