Bokeria NDC logo

ბავშვის და მშობლის ურთიერთობა

9 April 2024

dad-in-the-game-mode-looks-at-the-throat-of-a-sick-

ბავშვი პატარაა, მშობელი – დიდი. ბავშვისთვსი დედ-მამა მთელი სამყაროა, ყველაზე ძლევამოსილი დედამიწაზე და ყოვლისშემძლე. დიდი დრო გავა, დაბადებიდან 13 წელი და ხშირად მეტი, როცა შვილი მშობლის გადაფასებას დაიწყებს, დაეჭვებას, კითხვების დასმას, ამბოხს და აღმოაჩენს, რომ, თურმე, დედ-მამა არც ღმერთია და არც უკვდავები არიან. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანებია თავიანთი სისუსტეებით და შეცდომებით. ზოგჯერ უსუსურები. მოზარდი იმედგაცრუებლი რჩება, ან არა.

ბავშვი იზრდება. ბავშვთან ერთად მშობელიც, რომელიც სწავლობს მის ცალკე პიროვნებად აღქმას, მისი სურვილების, ინტერესების, აზრის გათვალისწინებას და პატივისცემას. აუცილებელი არაა მათი წარმოდგენები ერთმანეთს ემთხვეოდეს, ზოგჯერ სასარგებლოც და საჭიროც კი, რომ განსხვავდებოდეს.

მშობლის და შვილის ურთიერთობა სიხარულის, წყენის, უძილობის, ბრაზის, აღტაცების, გაოცების, ერთად თამაშის, სიამაყის, შიშის.. მუდმივი და ცვალებადი პროცესია.

იქ, სადაც ბავშვს იღებენ ისეთს, როგორიც არის, უყვართ უპირობოდ და უტოვებენ სივრცეს ფიქრისთვის, აზროვნებისთვის, გაბრაზებსითვის, ტირილისთვის; აძლევენ საკუთარ ოთახს ყირაზე დასადგომად და დასჯა-გაკიცხვა არ იქნება, არამედ მოლაპარაკება, იქ ასეთი ბავშვი ჯანმრთელი იზრდება. ჯანსაღი ფსიქიკით. ბავშვი დიდი ხდება, ინფანტილური საზოგადოების ვნებებისგან დაცლილი, სადაც აღზრდა მიჯაჭვულობად არ განიხილება ლამის 40 წლის ასაკამდე და შეკამათება დაუმორჩილებლობად.

მშობლების და შვილების ურთიერთობა მადლიერებით და შერიგებით გრძელდება, თუ ის ჯანსაღია.

ბავშვთა ფსიქიატრის დიაგნოზი მთავარი არ არის. არც მძიმე და არც მსუბუქი. მთავარი ადამიანია ბავშვში. განსხვავებულეობა სინამდვილეში ძალაა და საჩუქარი, შექმნა რაღაც ახალი, სხვა და სხვებისგან გამორჩეული. განსხვავებულობა ციტადელი არ არის გარესამყაროსგან შემოსაღობად, არამედ ხიდი, კიბე სხვებთან მისაახლოებლად რომ უთხრა: “გამარჯობა!”.

მთელი ჩემი პრაქტიკის მანძილზე, 2004 წლიდან, რაც ბავშვებთან მიწევს მუშაობა, ერთს მივხვდი: ეს ბავშვები აუტიზმით თუ დაუნის სინდრომით, ტიკებით თუ აკვიატებებით, დეპრესიით თუ შიზოფრენიით, მშობლებისგან მიტოვებულები, უსიყვარულოდ გაზრდილები თუ გათამამებულები, ენურეზით თუ შფოთვით, ანორექსიით თუ კიდევ ბევრი სხვა, ჩვენი გაკეთილშობილებისთვის მოგვევლინენ და სარკეში გვახედებენ.

ამ სარკეში ჩვენი საზოგადოება ჩანს: როგორ გამოვიყურებით სინამდვილეში როცა “გამარჯობას” ვპასუხობთ ან არა. უკეთესად გახდომის საშუალებას ეს ბავშვები გვაძლევენ და გვანოყიერებენ როგორც ბერწ მიწას.

©2024 ყველა უფლება დაცულია